თბილისში ბიოდიზელის პირველი საწარმო გაიხსნა – მილიონიანი ინვესტიცია და გაფართოების პერსპექტივა

​საქართველოში ​ბიოდიზელის პირველი საწარმო დღეს, თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის N15-ში გაიხსნა. საწარმო, მცენარეული და ცხოველური ცხიმებისგან დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა, ეკომეგობრულ საწვავს გამოუშვებს, რომელიც არ აბინძურებს გარემოს და მისი წვის დროს სატრანსპორტო საშუალება არ გამოყოფს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიც არის ტყვია, გოგირდი და სხვა.

ბიოდიზელის წარმოებას კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ ნავთობკომპანია „ფრეგო“-სთან ერთად პირველად საქართველოში ბიოდიზელის წარმოებას და მის რეალიზაციას იწყებს!    ​

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შპს “ბიოდიზელი ჯორჯიას” მმართველმა, მურმან პატარაიამ განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკოლოგიური თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოების დაწყება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

“არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირველი საწარმოა, არამედ, ეს არის ერთ-ერთი რეალური გზა იმისთვის, რომ მავნე გამონაბოლქვისგან ვიხსნათ გარემო. ეკომეგობრული საწვავის წარმოება დიდი ხანია დაწყებულია ევროპასა და ამერიკაში. ბიოდიზელი წარმატებით იყიდება ევროპის ქვეყნების ყველა ავტოგასამართ სადგურებზე. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, არსებობს ვალდებულება, რომ ბიოდიზელი აუცილებლად იყოს გარეული ნავთობდიზელში. ის ერთ-ერთი კარგი გამოსავალია, რომ ურბანული გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან”, – აცხადებს მურმან პატარაია.

მისივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახის საწვავი მზადდება მეორადი მოხმარების საკვები ზეთისგან, ახალგახსნილი საწარმოს კიდევ ერთი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მეორადი ნარჩენის უტილიზაციას განახორციელებს. ამ თვალსაზრისით “ბიოდიზელი ჯორჯიას” პირველი პარტნიორია კომპანია “მაგდონალდსი“. საწარმოს ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მომავალში თანამშრომლობის სურვილს სხვა რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები გამოთქვამენ.

ინვესტიციის მოცულობა პირველ ეტაპზე არის 1 მილიონი ლარი. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით 10 მლნ ევროს მოცულობის თანხის ინვესტირება და უფრო დიდი მასშტაბის საწარმოს გახსნა და იგეგმება, რომელიც არა მხოლოდ ნავთობკომპანია “ფრეგოს” მოემსახურება, არამედ ბიოსაწვავს სხვა ნავთობკომპანიებსაც შესთავაზებს.

​აღსანიშნავია, რომ ბიოდიზელი გამოიყენება დიზელის ზრავიან სატრანსპორტო საშუალებებში.

​საწარმოში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული. წარმოების გაფართოვებასთან ერთად, მომავალში პროექტის ხელმძღვანელები, 150-200 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.

საწარმოს გახსნას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, მეცნიერები, დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტი დეპუტატები.

საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ავსტრიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოდიზელის წარმოების საკითხებში ექსპერტი მარტინ მითელბახი. მეცნიერი, 25 წელია მუშაობს განახლებად ენერგიაზე და მიაჩნია, რომ ამ სფეროს თანამედროვე მსოფლიოში დიდი მომავალი აქვს.

მედიაცენტრ “მთავარს”, ეკომეგობრული საწვავის საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დეპუტატებმაც გაუზიარეს.

დედაქალაქის საკრებულოს წევრს, შალვა ოგბაიძეს მიაჩნია, რომ ასეთი საწარმოს გახსნა არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქართულ ეკონომიკაში, პატარა, მაგრამ გაბედული ნაბიჯი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისკენ.

“ცხადია, დიზელზე მომუშავე ჩვენს ავტოპარკს მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს ამ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია, მაგრამ მისი შერევა საწვავში, მისი აქტიური გამოყენება განსაკუთრებით ავტობუსებში და სამშენებლო ტექნიკაში, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება გარემოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი დედაქალაქის საჰაერო აუზისთვის”, – აცხადებს შალვა ოგბაიძე.

პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებით, ეკომეგობრული საწვავის დანერგვითა და მისი აქტიური გამოყენებით, მძღოლები გადაარჩენენ თავიანთ ძრავების ხშირი დაზიანებისგან და გარემოს დაიცავენ დაბინძურებისგან.

“მივესალმები კომპანია “ფრეგოს” ახალ ინიციატივას, ახალ საწარმოს. როცა ადამიანმა გამოიგონა შიდა წვის ძრავი, ამით მოხდა ძალიან დიდი რევოლუცია, ამან ძალიან ბევრი რამ გააადვილა, თუმცა დღეს არსებული მინერალური საწვავები საკმაოდ ძვირია ერთი მხრივ, ხოლო მისი გამოყენება აბინძურებს გარემოს, მათი ერთადერთი კონკურენტი არის ბიოსაწვავი. საქართველოში აქამდე მსგავსი საწარმო არ არსებობდა. ბიოდიზელის წარმოება საინტერესოა ორი მიმართულებით, ის 10-15 თეთრით უფრო იაფია ვიდრე მინერალური საწვავი, მეორე მხრივ, ბიოსაწვავზე მომუშავე ძრავები ბევრად სუფთაა”, – მიაჩნია დეპუტატს.

საწარმოს გახსნაზე მისულ სტუმრებს საწარმო პროცესი დაათვალიერებინეს და ადგილზე გამომუშავებული პირველი ბიოდიზელზე მომუშავე ავტობილითაც გაისეირნეს.

 

მსგავსი თემები