“30 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელი არაა, იმედი მაქვს, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ყველა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე მათი მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვები ხალისიანები და აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად. პერიოდულად მათ უმნიშვნელო სუფებრილიტეტი აქვთ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ზოგადად, სუბიექტური, ობიექტური და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერებით მათი მდგომარეობა მსუბუქია“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 30 ახალი შემთხვევის დაფიქსირება საგანგაშო მაჩვენებელი არ არის და განმარტა, რომ თუ აღნიშნული მონაცემი ასეულს არ გადააჭარბებს და ინფიცირებულთა რაოდენობა ზომიერად მოიმატებს ქვეყანაში რყევები არ იქნება.

„თუ ეს 30 შემთხვევა სცილდება ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერები, იმედია, რომ ამ ახალ კლასტერებსაც, ასე ვთქვათ, შემოვღობავთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ გავრცელდეს და ამ გავრცელებამ მიიღოს დაუძლეველი ხასიათი, ანუ უკონტროლო არ გახდეს და გაგრძელდეს ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება. 30 შემთხვევა არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედი მაქვს, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, რყევები ქვეყანაში არ გვექნება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30-ით გაიზარდა და 336 შეადგინა.

მსგავსი თემები