“რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაცია მეთოდურად განაგრძობდა ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის ეტაპობრივად გაუქმების პოლიტიკას. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

„ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია ტრადიციულად აქტიურად იყენებს ადგილზე არსებულ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ“ არასტაბილურობას, რაც, ხშირ შემთხვევებში, მის მიერვეა ინსპირირებული და დე ფაქტო რეჟიმს მოსკოვისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღშნულია, რომ კვლავაც მაღალია რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტზე, კერძოდ, რუსული დახმარების წილი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის 47%-ს შეადგენს, ხოლო ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში რუსული დახმარება „ბიუჯეტის“ 85,2 %-ია. ამავე ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოს უკანონო ფინანსური ოპერაციების წარმოებისათვის.

„ანექსიური პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში 4,8 მილიარდი რუსული რუბლი (74,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ე.წ. ბიუჯეტის 47%-ს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 7,5 მილიარდი რუსული რუბლი (115 მილიონი აშშ დოლარი), რაც „ბიუჯეტის“ 85,2 %-ია,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები შეფასებულია საფრთხედ არა მხოლოდ საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის მასშტაბით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, 2019 წელს 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს. აღნიშნულ სამხედრო ბაზებზე ასევე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღების და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

„საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე წარმოებდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც გამოიხატებოდა როგორც მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით. საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დინამიკამ მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული,“- აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები