ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დღეს დილიდან მოძრაობა განტვირთულია

მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად დღეს დილიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანების გადაადგილების სიმსუბუქე შეინიშნება. ქალაქების ჩაკეტვის შემდეგ, ქალაქებიდან გასვლა და შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ტვირთგადამტან ავტომანქანებს და ფიზიკურ პირებს ეძლევათ. დილის საათებში შეინიშნებოდა მცირედი საცობი.

ფოტოები “მედიაცენტრა მთავარმა” თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.

როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება:

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

 დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს. ამასთან, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

დადგენილება ძალაში 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან შევა. შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

მსგავსი თემები