მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი დასახელდა

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები უკვე ცნობილია. ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე 18 კანდიდატს შორის შეირჩა და იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.

​მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” იუსტიციის სამინისტროში განუმარტეს, საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. თავის მხრივ, მთავრობა თანხმობას ორი კვირის ვადაში აცხადებს, ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მთავარი პროკურორის  კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ეს უკანასკნელი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს მთავარ პროკურორს.

“პროკურორთა კორპუსიდან სამი მოქმედი პროკურორი იქნა წარმოდგენილი – თამარ კერესელიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე. სხვადასხვა მოსაზრებიდან, მათ შორის პროკურატურის სამომავლო პერსპექტივის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არჩევანი მოქმედ პროკურორებზე არ შეჩერდა”, – აცხაფებენ იუსტიციის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შეეძლოთ კანდიდატების წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ.

​კანონის თანახმად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. წარდგენილი სიის ერთი მესამედი, ასევე, კანონის მოთხოვნის თანახმად, ქალია.

მთავარი პროკურორობის სამეულში მოხვედრილი ოპოზიციური კანდიდატი შალვა შავგულიძეს, მანამდე მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას აცხადებდა, რომ საზოგადოებამ არ იაქტიურა დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერის თვალსაზრისით, შესაბამისად ნაკლებია მოლოდინი, რომ ამ თანამდებობას არასახელისუფლებო კანდიდატი დაიკავებს.

შავგულიძე არ გამორიცხავდა, რომ 3 კანდიდატს შორის, რომელსაც მინისტრი თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს წარუდგენდა, მისი კანდიდატურაც შესულიყო, თუმცა ეს ერთგვარი სატყუარა იქნება.

 

მსგავსი თემები