რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ დგას.

„რუხის საავადმყოფოს რაც შეეხება, პრაქტიკულად სრულიად მოწესრიგებულია და მზად არის, მიიღოს პაციენტები. პაციენტები არ შემოყავთ ჯერჯერობით, ვინაიდან ამისი აუცილებელი გადაუდებლობა დღეს არ არის და გვირჩევნია, უკეთესად მოწესრიგდეს. იყო ასეთი მოსაზრება, რომ იქ ყოფილიყო ჯერ საკარანტინო, შემდეგ ცხელების ცენტრი, თუმცა ვინაიდან ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობით სასტუმროები, პირდაპირ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქ მოეწყოს ინფექციური საავადმყოფო. პრაქტიკულად დამთავრებულია. თუ კი საჭიროება დადგება, ჩვენ შეგვიძლია უკვე ხვალიდან, ზეგიდან, დავიწყოთ პაციენტების მიღება. თუმცა ჯერ, საბედნიეროდ, ამის აუცილებლობა არ გვაქვს“ ,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 51 პირი იმყოფება, მათგან შვიდი საკარანტინო სივრცეს დღეს დატოვებს.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფებს, ამ დროის მონაცემებით, რეგიონში თვითიზოლაციაში 111 პირია, ხოლო 788 მოქალაქეს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

მსგავსი თემები