“რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი იმყოფება. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 37 მათგანს აქვს პნევმონია, რესპირატორული დისტრესით გამოხატული. იმყოფებიან მაღალ სიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში გუშინ შესული 11 პაციენტიდან რამდენიმე ექიმია. „არც ექიმები არ ვართ დაცული ამ დაავადებისგან, ამიტომ, რომ გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში“,- განაცხადა რატიანმა.

მსგავსი თემები