“ინფიცირებული 2 მძიმე პაციენტი კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 2 პაციენტი კვლავ მძიმეა.

“გუშინ დილას ამ დროისთვის გვქონდა 296 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილამდე დაემატა 10 და ახლა გვაქვს 306 შემთხვევა. 10 ახალი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და მისი წყაროების გარკვევაა. ამ 10 შემთხვევიდან 2 ახალი პაციენტია მოთავსებული ჩვენთან, დანარჩენი სხვა კლინიკებშია განთავსებული. გამოჯანმრთელებული 69 გვყავს და ამ ეტაპზე კლინიკებში 237 პაციენტი მკურნალობს. დღეს ჩვენს ცენტრში 39 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 46-ია. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ 5 პაციენტთან და გაგრძელდება ამათი კვლევა. 39-დან 2 მძიმე პაციენტი გვყავს, პრობლემური, რომელიც კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და გუშინდელს მერე დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. არასრულწლოვნები ამ ეტაპზე გვყავს ექვსი, ერთი ყველაზე პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები