2 მილიონამდე ინფიცირებული და 120 000-მდე გარდაცვლილი – “კორონავირუსის” შედეგი მსოფლიოს მასშტაბით

“ეპიდსიტუაცია მსოფლიოში მძიმდება, ისევე როგორც რეგიონში. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა, დღეს დილის მონაცემებით, მიუახლოვდა 2 მილიონს. სამწუხაროდ, 120 000-მდე გარდაცვალების შემთხვევაა. 448 000 გამოჯანმრთელებულია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდაფეთქება, რომელიც გასული წლის 31 დეკემბერს დაიწყო ჩინეთში, გავრცელდა მსოფლიოს, თითქმის, 210 ქვეყანაში.

“ჩინეთმა, სადაც ყველაზე მეტად იყო ეპიდემია გავრცელებული, უკვე ჩამოინაცვლა მე-7 ადგილზე. დღეს, ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირებულია აშშ-ში, შემდეგ იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და ა.შ. 

თუ ჯერ კიდევ თებერვალში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და სიკვდილიანობა მერყეობდა 1-2%-ს შორის, დღეს ეს ციფრი საგრძნობლად შეცვლილია. საშუალო მაჩვენებელი, თითქმის 5%-ს მიუახლოვდა. ანუ, გარდა იმისა, რომ დაავადება უფრო ვრცელდება და მძიმდება, უფრო საშიში ხდება სიცოცხლისთვის. ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტია, რაც ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. 

განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობა იტალიაში – დაახლოებით, 13%; ესპანეთში, დაახლოებით, 10%; საფრანგეთში – 10%; გაერთიანებულ სამეფოში – 13%. განვითარებული ევროპიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს გერმანიას – 2.46%. და დაახლოებით, 4%-ია აშშ-ში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები