“მივაკითხავთ ყველა კომპანიას, რომელმაც თანამშრომლები სამსახურიდან გაუშვა და ანაზღაურება არ გადაუხადა” – გიორგი გახარია

“იმ კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ 1-2 თვის ანაზღაურება, რაც უნდა გადაეხადათ და არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ. დარწმუნებული იყავით იმიტომ, რომ დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბიზნესმა ისევე როგორც სახელმწიფომ უნდა იკისროს ვალდებულება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე.

„კომპანიებს გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. როდესაც ადამიანს კრიზისის გამო სამსახურიდან უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი თანხა გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველას კარგად გვესმის, ახლა არის ის მომენტი როდესაც ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო არ არის ერთადერთი, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იკისროს“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები