გლდანიში, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკი და ამბრის ხეების ხეივანი გაშენდება  

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკში ამბრის ხეებისგან ხეივანი და ველობილიკები მოეწყობა​.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ​პროექტის ფარგლებში იგეგმება კალათბურთის მოედნის, ამფითეატრის, ძაღლების სასეირნო სივრცის, სავარჯიშო და საბავშვო მოედნების, სარწყავი სისტემის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.

ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს ადგილზე გაეცნო.

მსგავსი თემები