„კორონავირუსები“ არის როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში, თუმცა, ცხოველებში „კოვიდ 19“ არ ფიქსირდება“ – რა ხდება ზოოპარკებში

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, “კორონავისური” არის როგორც ცხოველებში ისე ადამიანებში, თუმცა, არა „ახალი კორონავირუსი“ – „კოვიდ 19“. როგორც გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „კოვიდ 19“ ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის, თუმცა, არის შემთხვევა, როცა ვირუსი ადამიანიდან ცხოველზე გავრცელდა.

„რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არა მხოლოდ თბილისის, მსოფლიოს ყველა ზოოპარკი დაკეტილია. რაც შეეხება „ახალი კორონავირუსის“ ცხოველებზე გადაცემას, დაფიქსირებულია მხოლოდ ერთადერთი ფაქტი, როცა ვირუსით ცხოველი დაინფიცირდა. ეს მოხდა „ბრონქსის ზოოპარკში,“ ვეფხვს ვირუსი ადამიანისგან, კერძოდ კი მომვლელისგან გადაედო. სხვა ინფორმაცია ვირუსის ცხოველებზე გადადების, არ არსებობს. ითვლება, რომ ცხოველებზე ეს ვირუსი არ გადადის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არც ჯანმოსგან და არც მსოფლიო ზოოპარკების ასოციაციისგან  რეკომენდაციები არ მიგვიღია“ – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, ზოოპარკი როდემდე იქნება დაკეტილი არ იცის. ეს დამოკიდებულია შექმნილ მდგომარეობაზე.   

„ზოოპარკი დახურულია სტუმრებისთვის თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თანამშრომლები არ მუშაობენ და ცხოველებს არ უვლიან. მომვლელები, ვეტერინარები, დირექცია ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. უსაფრთხოების ზომებს ვიცავთ ადამიანების მიმართ და არა ცხოველებს მიმართ, ცხოველების მხრიდან საფრთხე არა არსებობს. ყოველდღიური კავშირი გვაქვს ევროპის წამყვანი ზოოპარკების ასოციაციასთან, რომელიც ყოველდღიურად გვაწვდის ინფორმაციას. „კორონავირუსები“ არის როგორც ადამიანებში ისე ცხოველებში, თუმცა არა „კოვიდ19“.

მსგავსი თემები