აშშ-დან საქართველოში დაბრუნებული მოსწავლეები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სავალდებულო თერმოსკრინინგი გაიარეს, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში გაემგზავრნენ, სადაც 14 დღეს დარჩებიან. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. სომხეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამშობლოში გაემგზავრნენ.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ახალი, დამატებითი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

მსგავსი თემები