ბზის ტოტის მოჭრისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით და სს პასუხისმგებლობაც დაგეკისრებათ – გაფრთხილება მოსახლეობას

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის უკანონოდ მოჭრისგან თავი შეიკავონ.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს სანქციები დაეკისრება.

„ტრადიციულად, ბზობის დღესასწაულის დაწყებამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო ცდილობს, მოსახლეობას შეახსენოს, რომ ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის მოპოვება ტყის ფონდის ტერიტორიაზე გახლავთ აკრძალული და დასჯადი. ბზა არამხოლოდ რელიგიური დანიშნულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ, იგი ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ისედაც ხასიათდებოდა ბუნებრივად გავრცელების არეალის შეზღუდვით და ამას, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, დაემატა მავნებელი დაავადება, რომელმაც თითქმის გაქრობის წინაშე დააყენა ეს სახეობა. სამწუხაროდ, ასევე გვაქვს უკანონო მოპოვებაც. ამიტომ, ვცდილობთ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სანქციები და კონტროლი საკმაოდ მკაცრია. 500-დან 1000 ლარამდეა ადმინისტრაციული ჯარიმა, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი, რაც ითვლება სპეციალური მეთოდოლოგიით. თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები