საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. ჯამში, ამ დროისთვის რეანიმაციაში რვა პაციენტი წევს.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა.

„რეანიმაციაში უკვე არის რვა პაციენტი, სამი პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე ფილტვის სურათი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და აქედან გამომდინარე, ინტენსიური თერაპიიდან გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

დაწყებულია და გაგრძელდა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი იცით რომ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, მაგრამ ვიტალური ფუნქციის შენარჩუნებით“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება მოზარდებს, რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, გართულებები არ გამოვლენილა. რაც შეეხება ორსულებს, მათი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

მსგავსი თემები