“თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები” – არჩილ თალაკვაძე

„თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ხედავს, თუ როგორი გადამდებია ეს ვირუსი და რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში მეტი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ  სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები.“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულსა და კოვიდ 19-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და მთავრობას აქვს თავისი მკაფიო პასუხისმგებლობები, ხოლო ეკლესიას და რელიგიურ ინსტიტუტებს აქვთ თავისი პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე,  – ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ დიდ და სახიფათო გამოწვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, ერთი ქვეყანა და ჩვენი პასუხიც  ვირუსის საფრთხის წინაშე არის ერთიანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ მოისმინა, რა უთხრა მას საკუთარი ქვეყნის მთავრობამ – რომ დაიცვას სოციალური დისტანციის პრინციპი.

„ხელისუფლებამ გითხრათ, რომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და კარანტინს და მოგიწოდათ თვითიზოლაციისკენ. ეკლესიამ და სასულიერო პირებმა გითხრეს, რომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და მოგიწოდათ სოციალური დისტანცირებისკენ. გარდა ამისა,  ყოველდღიურად, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ხედავს რა ხდება მსოფლიოში, როგორ ვრცელდება ვირუსი და ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მე მგონი როგორ უნდა მოვიქცეთ ცხადია! მეტი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ  სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები?!” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

მსგავსი თემები