აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება ტერიტორიები აჭარის, გურიის, მერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლებში. ივლისის შუა რიცხვებიდან იგეგმება საყანე ფართობების შეწამვლა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებლის პირველი თაობის, ნიმფების დაფრთიანებამდე მიმდინარეობს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა – საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.​

​მათივე ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე. ასევე, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.

ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები ამჟამად დასავლეთ საქართველოს შემდეგ სოფლებში მიმდინარეობს: ქობულეთის მუნიციპალიტეტი – ლეღვა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – ზემო ჩიბათი, ნინოშვილი, სუფსა, ქვემო აკეთი, ღრმაღელე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – განთიადი, ზემო სურები, ზოტი, ნაბეღლავი, შუა სურები, ხევი; ვანის მუნიციპალიტეტი – ბზვანი, სალომინაო, ტობანიერი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – ზედა კლდეეთი; თერჯოლის მუნიციპალიტეტი – რუფოთი; სამტრედიის მუნიციპალიტეტი – გამოჩინებული, საჯავახო; ტყიბულის მუნიციპალიტეტი – გელათი, ცუცხვათი, ძმუისი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – ქვიტირი; ხონის მუნიციპალიტეტი – ხონი; აბაშის მუნიციპალიტეტი – პირველი ონტოფო; მარტვილის მუნიციპალიტეტი – კურზუ, ტალერი; სენაკის მუნიციპალიტეტი – ეკი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – ლესიჭინე; ხობის მუნიციპალიტეტი – ძველი ხიბულა, ხამისკური.

მოქალაქეებმა ინფორმაციითვის უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 01.

 

მსგავსი თემები