პროკურატურის ძირეული ცვლილებების გარეშე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩენის შანსს დაკარგავს – ნანა კაკაბაძე

 

მთავარ პროკურორად ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურის ლობისტი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურას დღეს აქვს შანსი გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო. ამისთვის კი  ირაკლი ნადარეიშვილი საუკეთესო კანდიდატია, რომელიც შეძლებს პროკურატურაში ძირეული ცვლილებების გატარებას.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ნანა კაკაბაძემ განაცხადა,  საზოგადოება ხშირად საყვედურობს “ქართულ ოცნებას” იმის გამო, რომ მან არ ჩაატარა ის წმენდა, რასაც საზოგადოება ელოდებოდა და დატოვა ის კადრები, რომელზეც ქართველმა ხალხმა უარი თქვა.

კაკაბაძის თქმით, რეალურად დღეს ხელისუფლებაში რჩებიან ის ადამიანი, რომლებსაც მიუძღოდათ წილი წინა რეჟიმის გამყარებაში.

“ეს ადამიანები თანამდებობებიდან უნდა გადაეყენებინათ. ეს არ მოხდა, აქედან გამომდინარე, სახეზე გვქონდა უკანონო განაჩენები და ადამიანები ვერსად პოულობენ სამართალს”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე შეფასებით, ახალი მთავარი პროკურორი უნდა წავიდეს უსამართლობის წინააღმდეგ და აღადგინოს სამართლიანობა. თუ ამას გააკეთებს “ქართული ოცნება”, მას ექნება შანსი დარჩეს ხელისუფლებაში.

“დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა დაანახონ საზოგადოებას, რომ მათ ძირეული ცვლილებები დაიწყეს, მათ შორის სასამართლოში, ის მოსამართლეები, რომლებიც ღებულობდნენ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს, უნდა შეიცვალონ”, – მიაჩნია ნანა კაკაბაძეს.

მისივე თქმით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობისთვის, მხოლოდ იურისტობა საკმარისი არ არის, მთავარ პროკურორს უნდა ქონდეს გარკვეული გამოცდილება, ასეთია ირაკლი ნადარეიშვილი. მან წინა ხელისუფლების დროს უარი თქვა “სიბინძურეში თანამონაწილეობაზე” , დატოვა მაშინ პროკურატურა და გადავიდა ადვოკატურაში.

კაკაბაძის თქმით, მას შემდეგ რაც ნადარეიშვილმა ჩაიბარა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი​​, რომელსაც უნდა განეხილა წინა ხელისუფლების დროს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები, 50-ზე მეტი საქმე განიხილა, მათ შორის პოლიტიკური საქმეებიც.

“დღემდე პროკურატურის დანარჩენმა ნაწილმა ვერ მოახერხა რეჟიმის რამდენიმე პირის გარდა ამ ადამიანების გასამართლება. ​აუხსნელია ის პოლიტიკა, რომელიც პროკურატურას მიჰყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში, დანაშაულს უკვე ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამ ფონზე მხოლოდ 100 ადამიანის გასამართლება იმაზე მიუთითებს, რომ პროკურატურა არ იყო არასათანადო სიმაღლეზე.
100 000-ზე მეტმა ბიზნესმენმა მიმართა წართმეულ უფლებებზე პროკურატურას, ამ ფონზე ირაკლი ნადარეიშვილის დეპარტამენტმა 50-ზე მეტი საქმე განიხილა, მათ შორის არის პოლიტიკური საქმეები. დეპარტამენტმა რომელიც 10-15 კაცს მოიცავს, გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე მთლიანად პროკურატურამ. ჩვენ იდეალურ კანდიდატს ვერ მოვნახავთ, მაგრა მათ შორის რაც შეიძლება შესთავაზოს ხელისუფლებამ საზოგადოებას, არის ირაკლი ნადარეიშვილი”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, ირაკლი მადარეიშვილია ის პროკურორი, რომელმაც შეძლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა და ამ ბრალის დაცვა სასამართლოზე.

მსგავსი თემები