კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი საზოგადოებას ბოდიშს უხდის (ვიდეო)

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, გიორგი ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს. ვიდეომიმართვაში ის ჰყვება, რომ მაშინ, როდესაც სამეგრელოში ხალხს ხვდებოდა სიმპტომები არ ჰქონდა. სპორტსმენი, ასევე განმარტავს, რომ დაახლოებით 16 პირთან ჰქონდა შეხება.

“მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში ვიმყოფებოდი. ჩემზე გავრცელებული ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო, იძულებული გავხდი, ეს ვიდეო ჩამეწერა. პირველ რიგში, მინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გამო კარანტინში იმყოფებიან. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება. მაგრამ, მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა. არც სიცხე, არც ხველება და არც ყელის ტკივილი. ვიყავი ჯანმრთელად. თავს ვგრძნობდი მშვენივრად.

28 მარტს საქმეზე წავედი ქალაქ ზუგდიდში. ვინახულე ჩემი მეგობარი. ზუგდიდში ოჯახში შევედი. დავიცავი დისტანცია, კონტაქტი, ხელის ჩამორთმევა არ მქონია. სადღაც 1 საათი ვიყავი იქ და მერე წავედი სოფელ ლიაში. იქ ვიყავი ოჯახში. ერთი ღამე გავატარე. შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, ბებიაჩემის საფლავზე. იქაც კონტაქტი მქონდა ერთ ოჯახთან. დისტანციურად ყველაფერი, ხელის ჩამორთმევის გარეშე. ის, რომ ჩემზე ამბობენ, ვითომდაც მე რუსეთის მოქალაქე ვარ, ახალი ჩამოსული ვარ, თვითიზოლაცია არ გამივლია და გამოვიარე სამეგრელო, ცრუ ინფორმაციაა. ის, რომ აფხაზეთიდან გადმოვედი, ესეც ტყუილია. ისიც, რომ მე ვიმყოფებოდი ჩხოროწყუს რაიონში, დაბადების დღეზე, ცრუ ინფორმაციაა. კიდევ გამივრცელეს ასეთი ჭორი, თითქოს მე ეკლესიაში, წირვაზე ვიყავი, ტყუილია და კიდევ ასეთი უამრავი ჭორი. თითქოს მოვიარე სამეგრელო და 150 კაცთან მქონდა კონტაქტი. ეგ არის სრული სიცრუე.

მე კონტაქტი მქონდა უშუალო მაქსიმუმ 16 ადამიანთან. აქედან 4 ადამიანთან მქონდა მჭიდრო კავშირი. ანუ, ეს 4 დღე ერთად გავატარეთ. ერთ ადამიანთან ერთად, სახლში ვცხოვრობდი ერთ ოთახში, ერთი ბოთლიდან ვსვამდით და ერთი ჭიქიდან. თბილისში ჩამოსვლის მერე, ესენი ყველა კარანტინში მოექცნენ და წაიყვანეს ჩემთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები. შეამოწმეს კოვიდ 19-ზე, ანუ ეს იყო კონტაქტიდან მე-9 დრე. არც ერთს არ დაუდასტურდა, საბედნიეროდ კოვიდ 19. არც ერთს კარანტინში მყოფს, არ აღენიშნება კოვიდ 19-ის სიმპტომები.

და კიდევ ერთი ცუდი, რაც მოხდა, ჩვენი ინფორმაცია, ჩემი და ჩემი ყველა კონტაქტების, მათი სახელი და გვარები, მამის სახელები და მისამართები გასაჯაროვდა. ყველამ იცის და ეს ხალხი. ეს ხალხი ანათემას გადასცეს. ისედაც ცუდ დღეში ჩავარდნილ ხალხს, კიდევ უფრო დაუმძიმეს სიტუაცია. ხალხნო, ამ ყველაფრისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები. ყველა კონტაქტები დადგენილია. ყველანაირი უსაფრთხოების ზომები მიღებული აქვთ. ეს ხალხი ახლა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. უამრავი ხალხი ურეკავს და ერთი წლის უკანდელ კონტაქტზეც ეუბნებიან. ესეთი რამ არ შეიძლება. შეიძლება, ხვალ თქვენ აღმოჩნდეთ მის ადგილას. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ეს შესაძლებელია”, – ამბობს გიორგი ღვინჯილია ვიდეომიმართვაში.

მინდა დავდო ჩემი მეგობრის მიმართვა,იმ სპორტსმენის ვისაც ათასი ჭორი დაუყარეს და ყველანაერი განკიცხვა დაატეხეს თავს,იქნებ ამით დასრულდეს თქვენი ინტერესი❗ ხოდა კიდევ ნუ წერთ სისულელეებს და ნუ ფრთიან ანგელოზობთ ვითომ სახლს არ სცილდებით,ამ ვირუსს უმეტესი შეიძლება ვერ ასცდეს და რამდენ ლანძღვასაც დასწერთ იმდენჯერ დაგიბრუნდებათ ბუმერანგივით…❗

Posted by Soso Xucishvili on კვირა, 05 აპრილი, 2020

მსგავსი თემები