“შესაძლებელია, ადამიანს ერთი მცირე დეტალი შეეშალოს და დაინფიცირდეს, ამის გაკონტროლება რთულია” – ლევან გოფოძე

“შესაძლებელია, ერთი მცირე დეტალიც კი, ჩვეულებრივად, ადამიანს შეეშალოს ან ისე არ გააკეთოს, როგორც საჭიროა და ამ მომენტში მოხდეს ინფიცირება”, – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორი, ლევან გოფოძე მედპერსონალის ინფიცირების ფაქტს.

მისი განცხადებით, რთულია იმის დადგენა, თუ როგორ მოხდა მედპერსონალის დაინფიცირება.

„თუ გავითვალისწინებთ,როგორი მიკროორგანოზმია ვირუსი, თუ ორგანიზმს დავარქმევთ, ისიც არ არის, ზოგი ამბობს, მაშინ ძალიან რთულია განსაზღვრო, რა მომენტში, სად გაიპარა ეს სიტუაცია. ძალიან ძნელია მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა და მუშაობა. შესაძლებელია, ერთი მცირე დეტალიც კი ჩვეულებრივად ადამიანს შეეშალოს ან ისე არ გააკეთოს, როგორც საჭიროა და ამ მომენტში მოხდეს ინფიცირება, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად მოვუწოდებთ ჩვენს მედპერსონალს, რომ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები. კი, ეს ძალიან დიდ ნერვიულ დაძაბულობას მოითხოვს, ეს არის ძალიან მძიმე შრომა, წმინდა პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენს კლინიკაში, ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერჯერობით გვაქვს სრული აღჭურვილობა ექიმებისთვის და არა მარტო ექიმებისთვის, მთლიანად მედპერსონალისთვის. არაერთხელ მითქვამს, საშუალო და მცირე მედპერსონალი უფრო მოწყვლადი ნაწილია სამედიცინო გუნდის, რადგან მათ ყველაზე უფრო ხშირად აქვთ პაციენტებთან შეხება, ამიტომაც, ის ადამიანი, ვინც შედის ამ იზოლირებულ სივრცეებში, არის სრულად აღჭურვილი. ჯერჯერობით მარაგი გვაქვს და დაგვერწმუნეთ, ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მარაგი რაც შეიძლება საიმედოდ იყოს, არ მოხდეს ისეთი რამ, რომ დაგვრჩეს მედპერსონალი სათანადო დაცვის გარეშე. რაც შეეხება, როგორ გვაცვია, გვაცვია ისე, როგორც ეს არის პროტოკოლში გაწერილი, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს და ვფიქრობ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჩვენს მედპერსონალს არ აქვს კორონოვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ შეხება კორონავირუსიან პაციენტებს ჩვენ გვქონდა“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები