“არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება” – გიორგი გახარია

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას.

“კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევებმა ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მშობლების, მოხუცების წინაშე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და ექიმების მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა.

„მე რა თქმა უნდა მინდა მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო პირველ რიგში ოჯახს და ახლობლებს. მინდა მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა ისინი გავამხნევო, იმიტომ რომ ჩვენ წინ კიდევ დიდი ბრძოლები გველის და, შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის“, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი თემები