ფიფიას ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო

  •  

თბილისის დიდუბის რაიონში, ფიფიას ქუჩაზე, კერძოდ, წერეთლის გამზირის N 49/51/51-ა – სთან, 20-მდე ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს. ნაგებობები ისეა განლაგებული, რომ მრავალსართულიან სახლთან მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს. სახლამდე ვერც სასწრაფო დახმარების თუ სახანძრო მანქანები აღწევს. გარდა ამისა, ავტოფარეხებს ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი უკავია, რის გამოც, ქვეითად მოსიარულეებს, ხშირად კი ბავშვებს, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ, შესაბამისად მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

​ფიფიას ქუჩაზე არსებული ავტოფარეხების დანგრევას ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე სასამართლო დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების სასარგებლოდ მიიღო და ავტოფარეხების დემონტაჟი გადაწყდა.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, ავტოფარეხები ტერიტორიაზე მანამდე არსებობდა, სანამ, რამდენიმე წლის წინ ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყებოდა. აღნიშნული ავტოფარეხები კორპუსის წითელ ხაზებშია მოქცეული, რის გამოც, საკითხი სადაო გახდა. ავტოფარეხების აღების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით, ჯერ კიდევ, მშენებარე კორპუსის ბინათმშენებლების ამხანაგობამ მიმართა.

ავტოფარეხების დანგრევის მომხრე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ეს ადგილი არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და გაუგებარია, ავტოფარეხების ამჟამინდელმა მფლობელებმა ტერიტორია რა ვითარებაში დაიმტკიცეს.

“სანამ ახალი კორპუსი აშენდებოდა, ავტოფარეხები მანამდე იყო ამ ტერიტორიაზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა დარეგისტრირებული. ახალი კორპუსი ექსპლუატაციაში 3-4- წლის წინ შევიდა. კორპუსის მშენებლობა თითქმის დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად, თითქმის ერთ საღამოს დარეგისტრირდა ყველა მანამდე უკანონო ავტოფარეხი. მოსამართლეები ადგილზეც კი მოვიყვანეთ და ვაჩვენეთ, რა ანტისანიტარიულ მდგომარეობს ქმნის ეს ფარეხები. მას არც ავტომობილის გასაჩერებლად იყენებენ და ტროტუარსაც ავიწროვებს. ამ ავტოფარეხების გამო, ბავშვებს ტროტუარიდან გადასვლა უწევთ.  გარდა ამისა, ტერიტორიაზე სკოლა მდებარეობს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, სახლში ასევე ცხოვრობენ შშმ პირები და ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სასწრაფო დახმარების გამოძახება. რამდენჯერმე საჭირო გახდა სამაშველო ეკიპაჟის გამოძახებაც, მაგრამ სახლს ვერც ერთი მათგანი მიუახლოვდა.

​სასამართლო დავის შედეგად გადაწყდა, რომ ფიფიას ქუჩაზე არსებული ავტოფარეხები მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაინგრეს.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მოსახლეობა აღნიშნულ ავტოფარეხებს საკუთარი ხარჯით ანგრევს და მას არაფერი აქვს საერთო თბილისის მერის ინიციატივასთან, რომელმაც, რამდენიმე თვის წინ თბილისელებს უფუნქციო ავტოფარეხების ადგილას მწვანე სივრცეების მოწყობისკენ მოუწოდა.

​წერეთლის გამზირის N49/50 სახლის მიმდებარედ რამდენიმე სკვერი უკვე არსებობს. ავტოფარეხებისგან გამოთავისუფლებულ ახალ ტერიტორიას კი ადგილობრივები, სავარაუდოდ თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილებისთვის გამოიყენებენ.



მსგავსი თემები