გაეროს პირველი რეზოლუცია COVID-19-ზე ქვეყნებს ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პირველი რეზოლუცია კორონავირუსის თაობაზე, რომელიც ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია ხაზს უსვამს ვირუსთან ბრძოლის პირობებში ადამიანის უფლებების პატივისცემას. “დისკრიმინაციის, რასიზმის და ქსენოფობიის ადგილი არ არის.” ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუცია წარადგინეს შვეიცარიამ, ინდონეზიამ, სინგაპურმა, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა და განამ. 193 წევრი ქვეყნიდან მას მხარი 188 ქვეყანამ დაუჭირა.

რუსეთმა რეზოლუციის საკუთარი ტექსტი წარმოადგინა, რომელსაც მხარს კიდევ ოთხი ქვეყანა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კუბა, ნიკარაგუა და ვენესუელა უჭერდა, თუმცა წარუმატებლად. რუსეთის ტექსტში მოთხოვნილი იყო სანქციების მოხსნა.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა, ხოლოდ დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

მსგავსი თემები