ხვალ, ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა ფრონტ-ოფისი, რეესტრები და იუსტიციის სახლები დაიკეტება.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის ლოკაციები შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება ფრონტ-ოფისების ფილიალების სია, რაც იქნება შეზღუდული ხარისხით.

„როგორც უწყების ხელმძღვანელს განცდა გამიჩნდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონიერება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს ან ნოტარიუსის თანაშემწეს გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა. ისინი დაკეტილი დარჩება ხვალაც. დღეს და ხვალ დაკეტილი არის და იქნება ყველა ფრონტ-ოფისი, რეესტრებისა და იუსტიციის სახლებისა, მაგრამ აქვე მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი, რადგან სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სანოტარო მომსახურების, დაგვჭირდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე იმისთვის, რომ შევძლოთ ხვალ დღის ბოლოს გამოვაქვეყნოთ ის თავისებურებები და განსაკუთრებული პირობები, რომლებშიც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ შეძლებისდაგვარად მუშაობას, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლოთ. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ექნება ხვალ სამუშაო დღის ბოლოსთვის კონკრეტული პასუხები, გამოქვეყნდება ის ლოკაციები შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება ფრონტ-ოფისების ფილიალების სია, რაც იქნება შეზღუდული ხარისხით, მაგრამ მაინც გახსნილი, რათა ეკონომიკური საქმიანობა არ გაჩერდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები