პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატიმროები, ვირუსის პრევენციის ფარგლებში, მართვის ახალ ეტაპზე გადადის.

მინისტრის თქმით, შეირჩა 780 თანამშრომელი, რომელიც  საპატიმროს შიგნით იცხოვრებს და დაწესებულებას არ დატოვებენ.

“შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში არ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას.

პირველ რიგში, მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ, ანუ 400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებენ საპატიმროს ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი რა თქმა უნდა, თავისუფლებააღკვეთილი პირები არ არიან. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ამგვარ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა დაკომპენსირდეს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან სულ 2 დღეში წარმოუდგენელი ტემპით მოხდა საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა ჩვენი თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები