თბილისის ღია კაფეებმა გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვან – გიორგი ბაგრატიონი

თბილისი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, დედაქალაქში არსებული ღია კაფეების მფლობელებს მოუწოდებს დაიცვან გარკვეული სტანდარტები, მოაწესრიგონ იჯარასთან თუ ინვენტარის კაფეს შენობის გარეთ განთავსებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა განუცხადა, ღია კაფეების მფლობელებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, ისინი გააფრთხილეს, რომ მიმართონ მერიის შესაბამისი სამსახურებს და მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ქალაქის ქუჩებში არ იყოს ქაოსური მდგომარეობა და ღია კაფეები საერთო სტანდარტში მოექცნენ.

“რა ფართსაც ითხოვენ იჯარით, იმ ფართში უნდა ჰქონოდათ მოწყობილი ღია კაფე. ჩვენის მხრით დაველოდებით მერიის იმ სამსახურების გადაწყვეტილებას, ვისაც ღია კაფეების მფლობელებმა უნდა მოაგვარონ თავიანთი დოკუმენტაცია, მანამდე საქმის წარმოებას არ ვიწყებთ. ხოლო ისინი, ვინც რამდენჯერმე გავაფრთხილეთ და კიდევ არ მიუმართავთ, რა თქმა უნდა მათ მიმართ დავიწყებთ კანონის ფარგლებში მოქმედებას. სხვა არაფერი ახალი არ ყოფილა ჩვენი მხრიდან”, – აცხადებს გიორგი ბაგრატიონი.

მისივე თქმით, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ღია კაფე და როგორ უნდა იყოს მაგიდები კაფის წინ, ქუჩაში განლაგებული, ეს საკითხები კაფეების მფლობელებმა, არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან და ქონების მართვის სააგენტოს თან უნდა გაარკვიონ. საჯარო ქირა არ განისაზღვრება წლის სეზონის მიხედვით. ქონების მართვის სააგენტო გზავნის მასალებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და ეს უკანასკნელი ადგენს კონკრეტულ ლოკაციასთან დაკავშირებით, კონკრეტული ოდენობის თანხას.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, მსგავსი ობიექტების მფლობელების გარკვეული კატეგორია გააფრთხილეს. თუმცა, ახლა ​რატომ არის ამ საკითხზე აჟიოტაჟი ატეხილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის გაუგებარია.

“თუ არ გაქვს დოკუმენტაცია წესრიგში, უნდა მოაწესრიგო, რომ არ დაჯარიმდეს. ამაზე კარგი მიდგომა რა უნდა ჰქონდეს მერიას კეფეების მფლობელების მიმართ?” – აცხადებს ბაგრატიონი. ​

​მისივე თქმით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმება შეეხო, ძველი და ახალი თბილისის ყველა უბანს, მათ შორის, აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირებს, მეიდანს, აბანოთუბანს, ვაკე-საბურთალოს რაიონს. ” დღესაც დადიან ჩვენი თანამშრომლების ჯგუფები და აფრთხილებენ ამ ხალხს. ჩვენ კი არ ვაჯარიმებთ, ვეუბნებით, რომ რაც აქვთ მოწყობილი, ამის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. დოკუმენტური წარმოება ჯერჯერობით არც ერთი ობიექტის მიმართ არ დაგვიწყია”, – განმარტავს გიორგი ბაგრატიონი.

მსგავსი თემები