ავსტრალია კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინას (ბცჟ) გამოცდის

  •  

ავსტრალიაში, მელბურნში მდებარე მერდოკის კვლევით ინსტიტუტში კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის bacillus Calmette-Guerin-ის (კალმეტ-გერენის ბაცილა, BCG, ბცჟ) მოქმედებას გამოიკვლევენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინის მოქმედების შესწავლა კორონავირუსთან მიმართებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ ითანამშრომლონ მელბურნის ინსტიტუტის კვლევასთან. კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი ამბობს, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემას არაერთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აძლიერებს, მათ შორის ვირუსების და ბაქტერიების. აფრიკაში ტუბერკულიოზზე აცრილ ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ვაქცინა მათ სხვა ინფექციებისაგანაც იცავს და მათ იმუნურ სისტემას, კერძოდ კი ლეიკოციტებს აძლიერებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს ანტისხეულების ჩართვამდე ებრძვიან.

“ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, რომ არ ვფიქრობდეთ, რომ შესაძლოა იმოქმედოს. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ იმუშავებს. ამის გაგება მხოლოდ კვლევის ჩატარებით შეიძლება. ჩვენ ყველა გზა უნდა განვიხილოთ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების დასაცავად.” თქვა კურტისმა.

კვლევაში მონაწილეობას ჯანდაცვის სფეროს 4,000 წარმომადგენელი იღებს. მათ ნაწილს მხოლოდ სეზონური გრიპის აცრა ჩაუტარდება, ნაწილს კი ამასთან ერთად ტუბერკულიოზზე აცრაც. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აწარმოებენ და სამი თვის შემდეგ მოხდება იმის შეფასება, მუშაობს თუ არა მიდგომა. კვლევის საბოლოო შედეგის მიღებას 6 თვეში ვარაუდობენ. პარალელურად მსგავსი კვლევა ჩატარდება ნიდერლანდებშიც. ასევე განიხილება კვლევის დაწყება ავსტრალიის სხვა ქალაქებში და აშშ-ში, კერძოდ კი ბოსტონში.

მსგავსი თემები