საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის, დღეს, ბოლნისში 25 ადამიანი დააჯარიმეს, ბირჟებზე ისევ იკრიბებიან

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მდგომარეობის დაცვა ისევ პრობლემაა. ადგილობრივთა ნაწილი შეზღუდვებია არასერიოზულად აღიქვავს და მათ აჯარიმებენ.

დღეს, 15:00 საათის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 25 ადამიანი დააჯარიმეს.

როგორც ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადგილობრივები სრულად არიან ინფორმირებულები, თუმცა, დარღვევები მაინც ხდება.

„ინფორმაციის პრობლემა არ არსებობს, სრულად არიან ინფორმირებულები, თუმცა, როგორ ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვავენ საკითხს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო შსს წარმომადგენლების მიერ, გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 19 ადამიანი დაჯარიმდა 3000 ლარით. დღეს, კი  25 ადამიანია დაჯარიმებული. არის შემთხვევები, როცა ადამიანები უმიზეზოდ, ტყუილად გამოდიან ქუჩებში და დასეირნობენ, მხოლოდ ბირჟებზე არ არის საუბარი, თუმცა, ე.წ. ბირჟებზეც იკრიბებიან. დგანან, დადიან და არ გააჩნიათ სახლიდან გამოსვლის აუცილებელი საჭიროება. იმის გამო, რომ ჩვენთან, რამდენიმე სოფელში გამოვლინდა დაავადების ფაქტები და საკონტაქტო პირების სია ვრცელია, ყველა შეზღუდვა მკაცრად უნდა იყოს დაცული“ – განუცხადა გოგი მეშველიანმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები