“ჩვენ პატიმრებს ვიცავთ კორონავირუსისგან და ვზრუნავთ იმაზეც, რომ არ დააკლდეთ საკვები და მედიკამენტები” – თეა წულუკიანი

“ჩვენ შევქმენით როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის მარაგები. კვების კომპანიას, მაღაზიის ქსელის კომპანიასთან ერთად, ეკუთვნის საჯაროდ ძალიან დიდი მადლობა. ისინი მუშაობენ ხელიხელ ჩაჭიდებული ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ არა მხოლოდ გარედან შემომავალი ვირუსისგან დავიცვათ პატიმრები, არამედ შიგნით ციხეში მათ არ დააკლდეთ არც მედიკამენტი და არც პროდუქტი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში უკვე 95 დისტანციური სასამართლო გაიმართა.

„რამდენიმე დღის წინ აიკრძალა პატიმრების სასამართლოში წარდგენა და იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პროცესი არ დაზიანდეს, ჩვენ პროკურატურის, სასამართლოს და ადვოკატურის წარმომადგენლების მონაწილეობით, ონლაინ სასამართლოები ავაწყვეთ. ბოლო სამ დღეში 95 პროცესი გაიმართა ამ გზით. ეს არის ის ბარიერები, რაც აღვმართეთ, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს დღეს თუ არის საკმარისი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ციხე იყოს დროებით კიდევ უფრო დაკეტილი სისტემა. სანამ კორონავირუსი ბოლომდე არ აღმოიფხვრება, ქართული ციხე იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები