“ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათგან ორის კი კრიტიკული” – მარინა ენდელაძე

  •  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან, რამდენიმეს მდგომარეობა ძალიან მძიმე და საყურადღებოა. 

მისი თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან ასევე მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტებიც.

„ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის პნევმონია აქვს და გარდა ამისა, აქვს სხვა თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც გარკვეულ რისკს ქმნიან. ამდენად, ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული.

დღეს ველოდებით პასუხებს. ჯერჯერობით, არ არის მოსული. შესაძლოა, გაწერა კიდევ გვექნეს დღის ბოლოს, გვიან. სხვა მხრივ, მობილიზებული ვართ და ისეთივე რეჟიმით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით. დაახლოებით, ღამის 11-12 საათზე მეორე კონსილიუმი დგება და აბსოლუტურად ყოველდღიურად გავდივართ ყველა პაციენტს“, – განაცხადა ენდელაძემ.

მსგავსი თემები