“ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის ორი კვირა მოიგო” – ევროპული გამოცემა

ევროპული გამოცემა ,,euractiv” პუბლიკაციაში სახელწოდებით – “საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ” აღნიშნულია, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ახალი შემთხვევების მატება საკმაოდ ნელია.

„26 თებერვალს პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 61 დადასტურებული შემთხვევა გააჩნდა 23 მარტის მდგომარეობით. სავალდებულო კარანტინში 3320 ადამიანია მოთავსებული და ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა და 22 მარტისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული შემთხვევა გააჩნია”,- აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ჯანდაცვის ექსპერტთა და მკვლევართა შეფასებებსაც აქვეყნებს, სადაც ისინი საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების პროფესიონალიზმზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის ორი კვირა მოიგო.

„ეს ალბათ ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებული კოჰორტისა და გამძლეობის კარგი უნარის დამსახურებაა“, – წერდა ანალიტიკური ცენტრის Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარი თომას დე ვაალი ქვეყნის რეაგირების პროგრამის დადებითად შეფასებისას.

მსგავსი თემები