“ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს” – ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა იმ შეზღუდვების ერთობლიობა ჩამოთვალა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით, შემოღებულია და მოქმედებს.

თუმცა, როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე ამ შეზღუდვების გარდა, კიდევ სხვა შეზღუდვებიც არსებობს.

აღნიშნული შეზღუდვებია:

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდამიმოსვლა M2 კატეგორიის ანუ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუკი ეს ტექნიკურადაა შესაძლებელი. 21 აპრილამდე საგანმანთლებლო და კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციები ვალდებულები არიან გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე თუ მათი ადგილზე წარდგენა არ არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი. აიკრძალა ყველა სახის ტრეინინგი, კონფერენცია და სემინარი. ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვლება ვიდრე არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა.

აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. დასაშვებია მხოლოდ დისტნაციური ფორმა.

აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. მათ შორის წვრთნები და ვარჯიშები. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა.

აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა.

საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ ასევე შენობებში, ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით,

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა:

რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებს აკრძალული აქვთ დაწესებულების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით და ე.წ. დრაივის მეშვეობით.

საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება მხოლოდ ელექტრონული ფორმითაა დასაშვები.

მსგავსი თემები