მიუსაფარი ცხოველების გამოკვების აკრძალვასთან დაკავშირებით რუსთავის მერია ზომებს მიიღებს 

ქალაქ რუსთავში, მიუსაფარ ცხოველთა გამოკვების ამკრძალავი ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც 50 ლარიან ჯარიმას გულისხმობს, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

მედიაცენტრ “მთავარს” რუსთავის მერიაში განუცხადეს, რომ აბრა თვითნებურად არის განთავსებული და მერია საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტის შესახებ არასამუშაო დღეს შეიტყვეს, ხვალ, ორშაბათს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივლენ რუსთავის ავტობაზრობაზე და ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.

როგორც “მთავარმა” გაარკვია, ბაზრობის ადმინისტრაციას მსგავსი ჯარიმის დაწესების უფლებას არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ აძლევს, შესაბამისად, აღნიშნულ აბრას  მოქალაქეებზე ზემოქმედების დანიშნულება აქვს.

ბაზრობის ადმინისტრაცია პირველ ჯერზე სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი შესაძლოა ფულადი ჯარიმაც დაეკისროთ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ რუსთავში, კერძოდ ავტობაზრობის ტერიტორიაზე უჩვეული გამაფრთხილებელი წარწერა გამოჩნდა, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას კრძალავს. საინფორმაციო ფურცელზე ასევე მითითებულია “112” -ის ნომერი და ჯარიმის ოდენობა.

ფაქტის ამსახველ ფოტოს და შესაბამის სტატუსი ​სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რუსთავის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, ბაზრობის ტერიტორიაზე შაბათ – კვირას აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს ხოლმე. როდესაც მოვაჭრეები და მყიდველები ჭამენ, ძაღლებიც იქვე ირევიან, ნარჩენებს ცხოველებს უყრიან, რის გამოც ცხოველები ტერიტორიას ეჩვევიან.

მსგავსი თემები