ბოლნისში სპეციალური საშვის გარეშე გასვლა და შემოსვლა შეზღუდულია

  •  

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, სპეციალური საშვის გარეშე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა და შემოსვლა შეზღუდული.

“სპეციალურ საშვები ვრცელდება პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ სადისტრიბუციო მომსახურება სურსათის შემოტანა რეგიონში, ასევე სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ემსახურებიან საკარანტინო ზონებს. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენს რეგიონში გადაადგილება არის შეუძლებელი”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მისი თქმით, რეგიონში ვითარება მშვიდია და მოქალაქეთა უმრავლესობას ესმის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის.

„საკარანტინო მკაცრი ზომების გამოცხადების შემდეგ რეგიონის ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორია არის სრულად კონტროლის ქვეშ აყვანილი. პრაქტიკულად სპეციალური საშვის გარეშე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა და შემოსვლა არის შეზღუდული. მთლიანობაში ვითარება არის მშვიდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მოქალაქეებს დისკომფორტი შეექმნათ ამ ვითარებიდან გამომდინარე, მაინც აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებულ დაძაბულობას ან ექსცესებს ადგილი არ ქონია.

თვითმმართველობა და ჯანდაცვის ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ მოსახლეობასთან, ფორმირებულია ჯგუფები, რომლებიც სათანადო ეკიპირებას მიიღებენ უახლოეს პერიოდში და დაიწყებენ აქტიურ შემოწმებას ჩვენი მოქალაქეების. შესაბამისად მომზადებულია საკარანტინო სივრცეებიც იმისათვის, რათა საეჭვო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ეს ადამიანები იქნენ გადაყვანილები, იზოლირებული და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა.

დღეს პირველი დღეა, შესაბამისად, პირველი დღის მღელვარება შეიძლება ითქვას, გადავლახეთ, ხვალიდან ველოდებით, რომ კიდევ უფრო დალაგდება და დაიხვეწება ლოჯისტიკური საკითხები, მათ შორის იმ მაღაზიებისთვის, რომლებსაც აქამდე მომარაგება ჰქონდა თვითუზრუნველყოფის პრინციპით. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ვფიქრობთ, მათი დისტრიბუცია მომარაგება მოხდება საერთო პრინციპით და ამ შეზღუდულ რეჟიმში მათი გაშვება საკარანტინო ზონიდან ვერ მოხერხდება, ამიტომ მოუწევთ გარკვეული გადაწყობა ახალ პრინციპებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მსგავსი თემები