„აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი”- ჯემალ გამახარია ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებზე

  •  

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქართული სახელმწიფო, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა აფხაზეთი, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს მსგავს „არჩევნებს“, რადგანაც ის ტარდება რუსული ოკუპაციისა და მოსკოვის მხრიდან ტოტალური კონტროლის, ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პირობებში“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 ჯემალ გამახარია  არსებულ ვითარებას მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს უწოდებს.

„მართვადი „პოლიტიკური კრიზისების“ პროვოცირების შედეგად საოკუპაციო რეჟიმების  ხელმძღვანელების გახშირებული ცვლა სოხუმში წარმოადგენს მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. „წინასაარჩევნო“ კამპანიის წარმოებისას „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოკუპანტის მხრიდან ჰქონდათ სრული „თავისუფლება“  ერთმანეთს კრემლის ერთგულებაში შეჯიბრებოდნენ, უხვად გაეცათ დაპირებები „სტრატეგიული პარტნიორის“ გულის მოგების მიზნით. სწორედ ამიტომ ყოველი ასეთი „არჩევნები“ იყო და არის ფარსი, ტრაგიკომედია, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის იძულებითი ინკორპორაციისკენ, არსებითად, აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი. დარწმუნებული ვართ, ქართული სახელმწიფოს მეცადინეობითა და მისი მოკავშირეების თანადგომით ოკუპანტის ეს დანაშაულებრივი გეგმა ვერ განხორციელდება.

ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, რეგიონის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველად კვლავაც რჩება დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა.  საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცივილიზებულ სამყაროს მოვუწოდებთ მკაცრად დაგმონ ოკუპანტის პოლიტიკა, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ დაუშვან ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონება აფხაზეთში“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.   

მსგავსი თემები