მარნეულსა და ბოლნისში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს, ადგილზე სრული იზოლაციაა – „მედიაცენტი მთავარის“ რეპორტაჟი

ქვემო ქართლის 2 მუნიციპალიტეტი – მარნეული და ბოლნისი სრულ იზოლაციაშია. გადაადგილება იკრძალება, შიდა მოძრაობაც კი. რა ხდება ამ წუთებში ადგილზე, „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიყტობთ.

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში სპეციალური ე.წ. ბლოკ პოსტები, დამცავი ბარიერებია გახსნილი. ადგილზე სრული იზოლაციაა. სიტუაციას  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს ძალები აკონტროლებენ.

მგზავრების ნაწილისთვის ამდენი პოლიცია, შეიარაღება, ტექნიკა და ფორმიანი ადამიანი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არც იცოდნენ რა ხდებოდა.

„არაფერი ვიცოდი, მივდიოდი საქმეზე და აგერ რას ვხედავ. მეგონა ნარკოტიკების სპეცოპერაცია იყო. არ მიშვებენ როგორც მეუბნებიან, უკან უნდა დავბრუნდე და სახლიდან არ უნდა გამოვიდე, რადგან მარნეულსა და ბოლნისში ამ ახალი ვირუსით ბევრი ადამიანია დაავადებული“ – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც უკან დაბრუნება მოუწია.    

შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა შემოწმებისა და თანხმობის გარეშე ამ ორი მუნიციპალიტეტიდან ვერც ვერავინ გადის და ვერც ვერავინ შედის.  

უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე საკმაოდ დიდი რაოდენობით არინ მობილიზებულები. ადგილზე  გახსნილია ე.წ. საველე ჰოსპიტალიც, ადგილზე იმყოფება სამედიცინო პერსონალიც.   

მარნეულიდან და ბოლნისიდან მხოლოდ სატრანზიტო ტვირთებს ატარებენ და ასევე მათ, ვინც სტუმრად ან მივლინებით იყო ჩასული და უკან უნდა დაბრუნდეს. ადგილზე ვითარება საკმაოდ ემოციურია.  

ეს ყველაფერი უკავშირდება ერთ-ერთ 67 წლის ქალბატონს, რომელიც მარნეულში ცხოვრობს და რომელიც “კორონავირუსით” ბოლნისში, წლისთავზე დაინფიცირდა.

მარნეულსა და ბოლნისში სამხედრო ტექნიკაც შეიყვანეს. ყველა ავტომობილი სპეციალური ხსნარით მუშავდება. შეზღუდულია შიდა გადაადგილებაც.  

“როგორც აგვიხსნეს, ამ ქალს, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა, ძალიან ბევრ ადამიათთან ჰქონდა ურთიერთობა და ამიტომ შეიქმნა ეს ვითარება. წლისთავზე 100-მეტ ადამიანთან ჰქონდა აქტიური კონტაქტი და ამის მერე ის ბაზარშიც მუშაობდა და კიდევ რამდენს გადადო არ იციან. აგვიხსნეს, რომ დღეს ყველა ოჯახში შევლენ და ყველა უნდა გამოიკვლიონ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისში” – გვითხრა ერთ-ერთმა მარნეულელმა ქალბატონმა.   

ეკა გულუა, სპეციალურიდ მარნეულიდან „მედიაცენტრი მთავარისთვის“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები