ჭიათურაში 18 ადამიანი თვითიზოლაციაშია, 3 კი კარანტინში

ჭიათურის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის სულხან მახათაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად კონტროლდება, რომ ის მოთხოვნები, რასაც საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს, არ დაირღვეს და თავშეყრა არ მოხდეს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ჭიათურაში 18 ადამიანი თვითიზოლაციაში, 3 კი კარანტინში იმყოფება.

„კარანტინსა და თვითიზოლაციაში ის ადამიანები აღმოჩდნენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, ემიგრანტები. კონტროლი  შესაბამისი იყო  როგორც ქუთაისის აეროპორტში, ისე თბილისშიც. ყველას იდენთიფიცირება მოხდა და მაქსიმალურად ყურადღების რეჟიმში არიან“, – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, სულხან მახათაძე მიიჩნევს, რომ  ეს პრევენციის საუკეთესო გამოსავალია.

„საგანგებო მდგომარეობას რაც შეეხება, ეს არ ნიშნავს კომენდანტის საათს, როცა ადამიანების გადაადგილება იზღუდება. მაქსიმალურად ვადევნებთ თვალყურს, რომ ეს რეკომენდაციები იყოს დაცული და ხალხმრავალი შეკრებები შეიზღუდოს.  ზოგადად, ძალიან კარგი ვქენით, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ, ვიდრე უფრო მეტად აფეთქდებოდა ეპიდემია. ვხედავთ რომ თვითიზოლაციაში მყოფები არ იცავენ პირობებს და პასუხისმგებლობა ნაკლებია, პოლიციელებს უწევთ მათი კარანტინში იძულების წესით გადაყვანა. ეს ღონისძიება აუცილებლად გასატარებელი იყო“ – განაცხადა სულხან მახათაძემ.  

დეპუტატის თქმით, ასევე მუშაობენ, როგორ და რა ფორმით დაეხმარებიან ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებს მარტოხელა ადამიანებს.

„დღეს რა ციფრებიც გვაქვს დაინფიცირებულებთან დაკავშირებით,  კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგანგაშოც არ არის. ამიტომ, თავშივე, სანამ კონტროლირებადია სიტუაცია, უმჯობესია, ყველა ზომა მივიღოთ ახლა. რაც შეეხება მარტოხელა ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენას, დღეს გვქონდა ამ საკითხზე საუბარია. უნდა განვიხილოთ ფინანსური წყარო, რომელი მუხლიდან უნდა გაიწეროს თანხა. ჩვენ დაახლოებით 400 მარტოხელა ოჯახი გვყავს, ყველა აღწერილია და მათ ყველას მივეხმარებით“ – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“.      

მსგავსი თემები