“წესები უნდა დავიცვათ ყოველთვის და ყველგან” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სიტუაციის კონტროლირებისთვის აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა წევრმა შესაბამისი რეკომენდაციები დაიცვას. 

“ეპიდსიტუაცია იცვლება. მოიმატა დაფიქსირებულ რაოდენობათა ციფრმა. ეს მოსალოდნელი იყო. მოსალოდნელია ის, რომ ჩვენ შევალთ პრეკრიზისულ ფაზაში, ანუ, შესაძლოა, რომ დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად გამოვლინდეს დაუდასტურებელი შემთხვევებიც. დღეს, საბედნიეროდ, ყველა დადასტურებულ შემთხვევას აქვს თავისი ეპიდმისამართი. ანუ, შესაძლო კავშირებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური კონტროლი და ვითარება კონტროლირებადია. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვისაც. მთავარია, რომ კორონათი დაინფიცირებულთა რიცხვის მატებას დავუპირისპიროთ წესრიგი და ამ წესრიგის მთავარი შემადგენელია, რომ სოციალური სიმჭიდროვე გავშალოთ, ანუ უშუალო კონტაქტები, თავშეყრის ადგილებში ყოფნას მოვერიდოთ და დავრჩეთ სახლში. მაქსიმალურად გამოვიყენოთ იზოლაციის რეჟიმი.

რაც შეეხება ეკლესიაში მრევლის მოჭარბებას, მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე, არამედ გაუფრთხილდეს სხვის ჯანმრთელობასაც და, ზოგადად, წესები უნდა დავიცვათ ყოველთვის და ყველგან,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა.

მსგავსი თემები