მარშრუტი 26 მაისიდან – 26 მაისამდე

  •  

საბურთალოდან და საბურთალოსკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტის აღნიშვნებში ”26 მაისის” მოედანს იშვიათად ნახავთ, თუმცა ორივე მიმართულების ტრანსპორტის გაჩერებაც და ერთი უფერული “ბანერიც” სწორედ ამ მოედანზეა. მართალია, მოედანი ხმამაღალი ნათქვამია, უფრო ავტოსადგომს წააგავს და მაინც, თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზამკვეთი და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელწოდებით – “26 მაისის მოედანი”.

26 მაისი არც ერთი დღის დღესასწაულია და არც მხოლოდ საიუბილეო წლებში გასახსენებელი – ეს მრავალი თაობის ნაოცნებარ – ნაღვაწი, ამ დღისთვის მსხვერპლად მიტანილი სიცოცხლე, საპატიმროებში გატარებული წლები და ეკლიანი გზებია; ეს ყოველივე ეროვნული ბიბლიოთეკის ახლად გახსნილ მუზეუმში იყრის თავს. ”იყრის”, რადგან ეს მუდმივი პროცესია აღმოჩენების და კვლევის. თუმცა, რამდენიმე დარბაზში განთავსებული ექსპოზიცია უკვე ძალიან შთამბეჭდავია – 1918 წლის 26 მაისის წინმსწრები მოვლენები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: მოსწავლე-მასწავლებელი – სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი, ”თერგდალეულები”  ”წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წევრები, 1918-1921 წლები -სიხარულით და ბრძოლით, სახელმწიფო უნივერსიტეტითა და დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრებით და 70-წლიანი წყვეტა, რომელიც წითელ გვირაბში მოექცა.

წითელ გვირაბში კი იმ ადამინების ფოტოებს აღმოაჩენთ, ვინც შემოქმედებითა და სპორტული მიღწევებით კრებითი სახელიდან – “საბჭოთა კავშირი”, საქართველოს გამოყოფდა და მსოფლიოს აცნობდა. ​გვირაბიდან კი აღდგენილი დამოუკიდებლობის სივრცეში ხვდებით, ექსპოზიციას სიმბოლურად 9 აპრილს დაღუპულთა ფოტოები და ჯერ ისევ მავთულხლართებით დასერილი საქართველოს, სამაჩაბლოსა და  აფხაზეთის რუკა ასრულებს.

ვიმედოვნებ, საზეიმო 26 მაისი წინ არის, თუმცა მთელი ეპოქის ამსახველი დარბაზი და მოედანი “26 მაისის” უკვე გვაქვს. ეს მოედანიც თითქმის 100 წლისაა და გასული საუკუნის 30-იან წლებში, მანამდე “საბურთაოდ” ცნობილი ადგილის განაშენიანებულ საბურთალოდ გადაქცევას უკავშირდება.

1977 წლამდე მოედანი სერგო ორჯონიკიძის სახელობის იყო. იმ სერგო ორჯონიკიძის, ვისი აქტიური მონაწილეობითაც საქართველო 70 -წლიან წითელ გვირაბში აღმოჩნდა (1977-1992წლებში კონსტიტუციის მოედანი) და 1918 წლის 26 მაისს ფარდა ჩამოეფარა…
დრონი მეფობენო… საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ სერგო ორჯონიკიძის სახელი გადაფარა დამოუკიდებლობის დღემ. დამოუკიდებლობა და თავის უფლება ის მდგომარეობა და განწყობაა, დროზე რომ მეფობს.

 

ავტორი: ნინო გედენიძე

ფოტოები: თამარ წიკლაური

 

მსგავსი თემები