“გადავშენდებით, ან კარგ ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!” – აეროპორტის თანამშრომლის წერილი

„რაც არ უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოველ დღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება – თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებული ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს რა ხდება“ – წერს აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომელი და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მის თვალწინ თითქმის ყოველდღიურად ხდება.

„ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა:

იტყუება საზღვარზე თავის მოგზაურობის ისტორიას.

იტყუება სიმპტომებს და სვამს სიცხის დამწევებს (დალიე, აბა რა უნდა ქნა, სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მაგრამ, რომ ჩამოხვალ თქვი!).

ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და, რა თქმა უნდა, აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და ”იბლატავებს” როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი).  პანიკაში ვარდება, როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ”ბლატაობს”, ”იფარჩხება” და ა. შ.

გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ). შეიგნეთ, რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში.

უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადასდონ, იმიტომ, რომ უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადასდებოდა და არც იცის.

”6 საათია გზაში ვარ, 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში, რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს… ეს რა უბედურებაა, რა მომსახურებაა, არანაირი კომფორტი” (რა კომფორტი?!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები). ამ დროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში 5-ს ერთად.

რომ ვნერვიულობ, სიცხე მიწევს. მე სულ 37.5 მაქვს სიცხე.

”იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ” (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან).

”არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა….”

არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ!

ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია!

გთხოვთ ყველას, ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისათვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდში დგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გადამცდარი თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ, ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით, რასაც გეუბნებიან დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფიცირებული რომ არის დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა. უბრალოდ იცოდეთ, მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე, ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით.

არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად, რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რომ თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო!

გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებიან, თუ არადა, დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კარგ ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!“ – ვკითხულობთ აეროპორტის თანამშრომლის ემოციურ წერილში. 

მსგავსი თემები