ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება 

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობის პროცესს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა განტვირთვას და ტრანსპორტის გადაადგილების დროის შემცირებას ითვალისწინებს. კვანძის მშენებლობა სამ მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, აღნიშნულ ქუჩებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. მშენებლობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, 140 ძირი ნერგი დაირგო, მათ შორის, ჰიმალაის კედარი, ტირიფი, აკაცია და დეკორატიული ტყემალი. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს.

​კახა კალაძის განცხადებით, დაწყებულია თამარაშვილის ქუჩის კვანძის კვლევა, რათა პროექტის განხორციელების შემდეგ, სამომავლოდ, საცობების პრობლემა არ შეიქმნას. ასევე, გზაგამყოფთან მოეწყობა  სკვერი, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცით ისარგებლონ.

„გვაქვს იდეა, რომ გზაგამყოფთან ლამაზი სკვერი მოვაწყოთ, რომელიც კეთილმოწყობილი და  განათებული იქნება. აქ მცხოვრებ ადამიანებს და არამხოლოდ მათ, ექნებათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამწვანებული სივრცით ისიამოვნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.

პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია „ქონსთრაქშენ სერვისი“
აწარმოებს.

მსგავსი თემები