მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯაღავას შვილებზე მისი ბიძაშვილი იზრუნებს 

 

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა 20 აგვისტომდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება, მის ორ არასრულწლოვან შვილზე კი ბიძაშვილი იზრუნებს. რაც შეეხება ბებიას, ის ცალკე ცხოვრობს და სასამართლო სხდომაზე მას, შვილიშვილების წაყვანის სურვილი არ გამოუთქვამს.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა განუმარტა, სასამართლომ დაავალა სახელმწიფო ბრალდებას, რომ თუ ბავშვების მზრუნველობაზე ბრალდებულის ნათსავები უარს იტყოდნენ, მათზე მაშინ უკვე სახელმწიფო იქნებოდა პასუხისმგებელი. შვილებს ჩააბარებენ მის ბიძაშვილს, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. დაკავებულის დედა ცალკე ცხოვრობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ წაიყვანდა ბავშვებს.

სასამართლოს მითითებით, არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რის გამოც არ დაკმაყოფილდა თამთა ჯანჯღავას 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა.

ადვოკატის ინფორმაციით, ორი თვის განმავლობაში, სანამ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, დაცვის მხარემ და გამოძიებამ უნდა მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს წარუდგნენ. ამის შემდგომ, გადაიხედება მტკიცებულებები და გადაწყდება ჯანჯღავა პატიმრობაში დარჩება თუ თავდებით გაათავისუფლებენ.

პროკურატურის მიერ გავ​რცელებული ინფორმაციის თანახმად, თამთა ჯანჯღავა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა, თუმცა, როგორც ჯანჯღავას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, არასდროს ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი, ის არც ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში არ არის ნამყოფი და აქამდე, არანაირ კანონდარღვევა არ ჰქონია.

“ექსპერტიზა ჩატარებულია და მას ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. როგორც პროკურატურა ამბობს, მას ნარკოტიკული ნივთიერება ამოუვიდა სისხლიდან, რასაც ძალიან ბევრი წამალი შეიცავს, რომლებიც ადამიანმა შეიძლება ჯანმრთელობისთვის მიიღოს”, – განმარტავს ადვოკატი არჩილ შაბაშვილი “მთავართან” საუბრისას.
​მისივე თქით, დანაშაულის მომენტში თამთა ჯანჯღავა კლინიკურად არც ფსიქოტროპული და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.
​ირაკლი ნოზაძე კისრის არეში 27 ივნისს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში მოხდა. მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა. ის დღეს პალატაში გადაიყვანეს.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მსგავსი თემები