“ადვილად მოვძებნით ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ჩეხ ტურისტს ჰქონდა კონტაქტი. დანარჩენები მშვიდად იყვნენ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ იმ ჩეხ ტურისტზე ისაუბრა, რომელიც გუდაურში ისვენებდა და რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პაატა იმნაძის თქმით, ჩეხმა ტურისტმა მათ მჭიდრო კონტაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რაც რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეების მოძიებას აიოლებს. 

„მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს, ისე დეტალურად გამოგვიგზავნა საქართველოში მოძრაობის თავისი ისტორია, თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალიან გაგვიადვილა საქმიანობა და მოძიება იმ ადამიანების, ვინც იყვნენ მასთან ძალიან მჭიდრო, ახლო კონტაქტში და დროის გარკვეული მომენტი.

ასეთებს ყველას მოვნახავთ, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გუდაურში იყო, ვიცი, რომ ამაზე უკვე დიდი პანიკაა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, იქ ვინმე ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყნარად-მშვიდად იყვნენ. თუ ძალიან ნერვიულობენ, თვითიზოლაციაში იყვნენ სახლებში, თუ რაიმე სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მომართონ სამედიცინო სამსახურებს.

ჩეხები არიან ჩეხეთში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი, როგორც ამ პიროვნებებთან ჩეხეთში, ასევე შესაბამის კოლეგა სამსახურებთან ჩეხეთში. როდესაც ამ ადამიანმა დარეკა, პირველ რიგში, გადამოწმება მოხდა ოფიციალურად, მარლა არის თუ არა ეს ადამიანი ინფიცირებული. ამის შემდეგ, ყველაფერზე, რაც მან მოგვაწოდა, მიდის მუშაობა. ჩეხეთში მყოფ კონტაქტებზე ინფორმაციას ვიღებთ შესაბამის სამსახურიდან“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსის დადასტურებისა, ჩეხი ტურისტი საკუთარ სახლში გადის მკურნალობას, რადგან სტაციონარული მომსახურეობა არ ესაჭიროება.

მსგავსი თემები