18 მარტიდან საქართველო საზღვრებს კეტავს

18 მარტიდან, ორი კვირით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა იკრძალება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა​.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანაში დაბრუნება შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს.

„შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და მიმართულებებზე გეტყვით დამატებით საგარეო საქმეთა მინსიტრი. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები