ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გამოუყენებელი აქტივები ჰქონდეს – მამუკა ბახტაძე

კომპანიებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, საგადასახადო დავალიანებების გამო, კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერის ამ ინიციატივას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გამოუყენებელი აქტივები და გამოუყენებელი შესაძლებლობები ჰქონდეს. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას

“ამ დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში. იქედან გამომდინარე, რომ შეგვენარჩუნებინა სისტემური მიდგომა, მივიღეთ გადაწყვეტილება და ინიციატივა გულისხმობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას 2013 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ საქმიანობა საგადასახადო დავალიანების გამო”, – აცხადებს პრემიერი.

მამუკა ბახტაძემ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ახალი მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

მისივე შეფასებით, უკვე განხორციელებული და დაანონსებული რეფორმებით ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული.

​​პირველ რიგში, უნდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი, ეს სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს.

 

მსგავსი თემები