„სხვა შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ“ – დავით ჭიჭინაძე

„ვიღაც“ ყიდულობს დოლარს, ახდენს დოლარით სპეკულირებას და ამ გასაჭირში ფულს შოულობს! ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნის სხვა ახსნა ნამდვილად არ აქვს!“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და პრემიერ მინისტრს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ს მიმართავს, პირველ რიგში ამ საკითხით დაინტერესდნენ. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ.

„ფაქტია ქვეყანაში ტურისტული მოძრაობა შეჩერებულია, ვაჭრობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაჩერებულია, გადარიცხვები, ფულის გადინება ქვეყნიდან თითქმის არ ხდება. დოლარზე მოთხოვნაც იმდენად შემცირებული იყო, რომ ლარმა გამყარებაც კი დაიწო. მაგრამ ბოლო პერიოდში, რეალობა ისე შეიცვალა და ლარმა კურსმა ყველა ისტორიული ნიშნული გადალახა. და ეს ეს პროცესი ბანკების მხრიდან საკრედიტო მომსახურების გადავადების ფონზეც კი არ ჩერდება! ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ვინ ყიდულობს დოლარს, ვინ ახდენს დოლარით სპეკულირებას და ვინ შოულობს ამ გასაჭირში ფულს?! ამიტომ, მივმართავ პრემიერს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ის ხელმძღვანელს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და გამოიძიონ რატომ ხდება, ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა. იმიტომ რომ, კურსის ზრდა, “კორონავირუსზე” არანაკლებ პანიკას იწვევს და ყველა ღონისძიება იქნება წყალში გადაყრილი, თუ ამ ფაქტს არ გამოვიძიებთ! ან ვაჭრობა უნდა შეაჩერონ, იმიტომ რომ, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ესეთი ვარდნები ხდება, ვაჭრობა, საფონდო ბირჟები ჩერდება“ – აცხადებს დეპუტატი.

დავით ჭიჭინაძე საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფოს აქტიური ჩარევას: „ მთავრობა ასევე ორიენტირებული უნდა იყოს, რომ შექმნას ქვეყანაში რეზერვები, სასურსათო იქნება ეს, თუ საწვავის, რადგან თუნდაც საგაზაფხულო სამუშაოები სახელმწიფომ დააფინანსოს და ასევე ის პროგრამები, რომელიც დღეს პრაქტიკულად შეჩერებულია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში კი ყველაზე დაუცველ ფენას, უბრალოდ უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ,“- აღნიშნავს დეპუტატი.

მსგავსი თემები