აშშ-ს ხელისუფლებაში საქართველოს მხარდაჭერა ძლიერდება – ირაკლი კობახიძე

 

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში შევა და დარწმუნებულია, რომ პროცესი საკმაოდ წარმატებით დაგვირგვინდება.

მისივე შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და საქართველოს მხარდაჭერა ძლიერდება.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ში, სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის – საქართველო-მოლდოვა-უკრაინა, ფარგლებში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ის გამოწვევებიც განიხილეს, რაც ამ ქვეყნების წინაშე არსებობს.

„საინტერესო შეხვედრები გვქონდა, როგორც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, ასევე, კონგრესმენებთან. შევხვდით უეს მიტჩელს სახელმწიფო დეპარტამენტში.  ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებობს.  გამოვთქვით იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება ძალიან აქტიურ მხარდამჭერად ჩვენი ქვეყნებისათვის, ამაში დარწმუნებული ვართ. იყო ძალიან კარგი განწყობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენ კონგრესმენებში, ჩვენს ამერიკელ მეგობრებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენების მიერ ინიცირებულ წერილზეც ისაუბრა, რომელშიც კონგრესის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ. მიმართვას ხელს დაახლოებით 30კონგრესმენი აწერს.

მისი თქმით, ამერიკელმა კონგრესმენებმა აღნიშნული წინადადების ინიცირება მოახდინეს და შესაბამის სავაჭრო წარმომადგენელს აშშ-ში წერილიც კი გაუგზავნეს.

მსგავსი თემები