რას სთავაზობს პრემიერ-მინისტრი ბიზნესს?!

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა კონკრეტული ინიციატივები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ამ გამოწვევის მართვაში“ – აღნიშნული განცხადება ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ინიციატივები ეხებოდა მხარდაჭერას, როგორც მიმდინარე ხარჯების კუთხით, ასევე საგადასახადო ვალდებულებებს, რომელიც ბიზნესს “კორონავირუსით” გამოწვეული ფაქტორების ფონზე შესაძლოა ტვირთად დააწვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ კომპანიებს შორის. ამ შეხვედრის მიზანი იყო, გაგვევლო ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს და გამოწვეულია “კორონავირუსით”, რომელიც გლობალური გამოწვევაა და არა ლოკალური გამოწვევა საქართველოსთვის. ბიზნესის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები, იმისთვის, რომ ეფექტურად მართონ ვირუსით გამოწვეული შედეგები. საუბარი შეეხო საბანკო ვალდებულებების მოსამხურებაში სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე მნიშვნელოვანი საგადასახადო ვალდებულებების კუთხით გარკვეული შეღავათების მინიჭება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს აქვს რესურსი და სურვილი, რომ მხარი დაუჭიროს ბიზნესს და “კორონავირუსით” გამოწვეული პრობლემები ერთობლივად გადაიჭრას.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა იმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც აქამდე მოქმედებდა და მეორეს მხრივ, მას ჰქონდეს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმედი, რომ ყველა ასეთი გამოწვევა იქნება ერთობლივად ეფექტურად მართული.  ჩვენ ძალიან დადებითად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ მთავრობა მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს ბიზნესს. პრემიერ-მინისტრმა ასევე დააფიქსირა კონკრეტული ინიციატივები, რაც შეეხებოდა კონკრეტულ თანხებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მიიმართება, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მსგავსი თემები