“არაფერი გადაედება არავის. ეს ვირუსი არ დაფრინავს ჰაერში“ – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკარანტინო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან კარანტინში მყოფთა უმეტესობა ჯანმრთელია და ამასთან, კორონავირუსი ჰაერით შორ მანძილზე არ ვრცელდება.

ამირან გამყრელიძემ ასევე მიმართა სამედიცინო დაწესებულებებსა და პერსონალს და განაცხადა, რომ საავადმყოფოებში შესაბამისი მზადყოფნა უნდა იყოს.

„მინდა, არასაჩოთირო, მაგრამ გარკვეული საკითხი გავაჟღერო. გვაქვს ინფორმაცია, სადაც საკარანტინო ზონები გახლავთ ქვეყანაში, იქ ირგვლივ მყოფ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული პროტესტი და ვთხოვ ყველას, ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება, რომ ჩვენ არ შეიძლება, პროტესტი გვქონდეს. ჯანმრთელი ხალხია, ვინც არიან ძირითადად და როგორ შეიძლება პროტესტი – „მე გადამედება“. არაფერი გადაედება არავის. ეს ვირუსი არ დაფრინავს ჰაერში.

ასევე, მივმართავ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს – დღევანდელ ეტაპზე, როცა პანდემია გამოცხადდა, ძალიან დიდი ტვირთი გადადის უკვე სამედიცინო ქსელზე, რამდენად მზად ვართ ჩვენ, რომ ვუპასუხოთ გამოწვევას. მივმართავ ყველა საავადმყოფოს, განურჩევლად მფლობელობისა და ვთხოვ, უნდა იყოს შესაბამისი მზადყოფნა. ეს არის სალიცენზიო პირობებში, რომ თითოეულ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ე.წ. გადაუდებელი სიტუაციების დროს მზადყოფნის გეგმები და ამ გეგმების მიხედვით, შესაბამისი მარაგები მედიკამენტების, სახარჯი მასალების, დაცვის საშუალებების და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები