ირაკლი კობახიძე პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიაში ცვლილებებს არ გამორიცხავს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება, სადაც, სავარაუდოდ, ცვლილებები პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას შეეხება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა,  პარტიის ყრილობამდე, ამჟამად  ტარდება რაიონული და საქალაქო კონფერენციები, რომლებიც მაისის მეორე ნახევარში დასრულდება.
“სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში, ჩატარდება პარტიის ყრილობა, სადაც წესდების თანახმად, უნდა განახლდეს, ბუნებრივია, ხელმძღვანელი ორგანოები. რაც შეეხება განახლებას, ჩემის აზრით, ეს შეეხება არსებითად, მხოლოდ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას. ეს, რა თქმა უნდა, არის საბოლოო ჯამში, თვითონ ყრილობის წევრთა, პარტიის წევრთა გადასაწყვეტი”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ჯერ პოლიტსაბჭო, ანუ კანდიდატებს წარადგენს პოლიტსაბჭო, შემდეგ, გადაწყვეტილებას საბოლოოდ იღებს ყრილობა. “აღმასრულებელ მდივანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გენერალური მდივანი. მისი გადასაწყვეტია, კახი კალაძის მაგივრად მე ვერ მოგახსენებთ დავრჩები თუ არა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები